ვლადიმირ ვაისმა ნაკრები წლის ბოლო მატჩამდე დატოვა

16 ნოემბერი 2020, 17:11 1576 ნახვა

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ფინალში ითამაშა. ვლადიმირ ვაისის მატჩების სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში - 16 მოგება,15 ფრე,16 წაგება.

რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში