პროკურატურამ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულებს - ა.ხ.-ს და ა.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ნოემბერს, თბილისში, აღნიშნული პირები შეხვდნენ ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს. თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.
''ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ასევე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ანალოგიური შეთავაზებით და მუქარით საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებსაც მიმართეს'' - წერია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.