არჩევნებამდე ორი დღე რჩება. 31 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით სულ 3 ათას 657 უბანი გაიხსნება. ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თამარ ჟვანიამ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ცესკო კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საჭირო ყველა რეკომენდაციას იცავს.
ცესკომ არჩევნების დღის პროტოკოლი რამდენიმე კვირის წინა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უბანზე დაცული იქნება დისტანცია, კომისიის წევრებს ექნებათ პირბადეები, დამცავი ფარები და სადეზინფექციო ხსნარები.
ამომრჩევლები კი უბანზე პირბადეს მხოლოდ ორჯერ იდენტიფიცირების მიზნით მოიხსნიან, არჩევანის გაკეთებისას ისინი ინდივიდუალური კალმებით ისარგებლებენ.