ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია იწყება

09 ოქტომბერი 2020, 17:39 1252 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ორ წელიწადში უნდა დასრულდეს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ორ მონაკვეთს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. მისი ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს. უწყების ცნობით, ასევე მიმდინარეობს ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება.

​''ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ დაახლოებით 10 მილიონი ლარი მიიღო.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან'' - აღნიშნულია განცხადებაში.

სამუშაოების აღსრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში