დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება მიუღებელი და დაუშვებელია - პრემიერი 

08 ოქტომბერი 2020, 11:34 1354 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე თემის პოლიტიზირების მცდელობა არ წყდება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. პრემიერმა თქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

მისივე განმარტებით, ეს საკითხი საქართველოს საშინაო საქმეა და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს.

„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ როგორც ხედავთ, არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში.

გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამიტომ ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში