სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ყარაბახში მომხდარი სამხედრო დაპირისპირებების გამო, აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხედავათ იმისა, რომ გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავდა, დღეს ილჰამ ალიევმა დადგენილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ 28 სექტემბრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათი დაწესდება ადგილობრივი დროით საღამო 9 საათიდან დილის 6 საათამდე. რეჟიმი იმოქმედებს ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში და კიდევ 16-მდე რაიონის ტერიტორიაზე.
კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. მთავრობის გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული სომხეთშიც. მიმდინარეობს საყოველთაო სამხედრო შეკრება.
სამხედრო რიგებში იწერებიან მოხალისეებიც. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.