თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებას გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით პროკურატურა გამოეხმაურა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანები მიყვებოდნენ.
23 წლის პროგრამისტი, 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიებამ მეორე დღესვე თქვა, რომ მის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა.
ამ ინფორმაციის გავრცელებამ ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი ამბობდნენ, რომ გამოძიება ამგვარი ფაქტებზე აქცენტირებით მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.