შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი აიყვანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.
''მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.