პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა

04 აგვისტო 2020, 15:26 2058 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქემ აღნიშნულ კლინიკას მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.  უწყების ცნობით, ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ.

პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

''დადგინდა, რომ ოპერაცია, შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ვრცლად: http://pog.gov.ge/news/prokuraturam-samsaxureobrivi-gulgrilobis-samsaxurebrivi-mdgomareobis-gamoyenebiT-TaRliTobisa-da-uk

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი