ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, აქვს ნაცმოძრაობის შარლატანებს - თორნიკე რიჟვაძე ენმ-ს ბრიფინგზე

04 აგვისტო 2020, 15:04 2013 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მთავრობის  განცხადება, რომელიც თურქეთთან საზღვრის გახსნას და მოქალაქეების სამუშაოდ წასვლას ეხებოდა ტყუილი აღმოჩნდა. ისინი ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. 

ოპოზიციური პარტიის წევრებს დღეს თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ბოდიში მოსახდელი აქვთ ნაცმოძრაობის შარლატანებს.

''ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, აქვს ნაცმოძრაობის შარლატანებს. ახლა კი მივყვეთ საგნობრივად. პირველი, რომ ბიუროკრატია არანაირად არ ეხება ამ პროცესს, ვინაიდან იცით, რომ მეზობელ სახელმწიფოში ჯერ კიდევ მძვინვარებს კოვიდ-19. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ მოვძებნეთ, ადამიანებს რომლებიც თურქეთში გრძელვადიანი პერიოდით გადადიან ხელი შევუწყოთ. ამისთვის მინიმალური დოკუმენტაციაა საჭირო. პირველი არის მოწვევა, რომელიც გაცემული უნდა იყოს თურქეთის მხრიდან. მეორე კარანტინის გავლა სავალდებულო იქნება და ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს'' - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

ჟურნალისტის რეპლიკაზე: ნაციონალური მოძრაობის წევრები კარანტინისთვის გათვალისწინებული თანხების მოქალაქეებისთვის გაცემას მოითხოვენ. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სამასლარიანი კომპენსაციების გაცემა გრძელდება.  

''დაახლოებით 35 000 მოქალაქემ შეავსო 300 კომპენსაციის მოთხოვნაზე განაცხადი და დღეის მდგომარეობით გაცემულია 28 000. კომპენსაციის ნაწილშიც არის შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. კიდევ ერთხელ რაც შეეხება საზღვრის კვეთის ნაწილს, იმის გამო რომ თურქეთში ეპიდემია მძვინვარებს, ჩვენ მივიღეთ გრძელვადიან სამუშაოზე გადასვლის გადაწყვეტილება'' - განაცხადა რიჟვაძემ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში