შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკორეალიზატორთა ჯგუფი, რომელთა მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში 4 ნარკორეალიზატორი აიყვანეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ.
''ბრალდებულები დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო.