როგორც ადვოკატმა განაცხადა, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მასალები მოცულობითია. მისივე თქმით, გარკვეულ ჩვენებებს გადახედა, რაც გარკვეულ სურათს ქმნის, თუმცა ადვოკატს აღნიშნული არ დაუკონკრეტებია.
რამიშვილის განცხადებით, საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია მიეწოდება.
„ძალიან დიდი მასალაა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოთხოვილი არის აბსოლუტურად ყველა ის მარშრუტი, რა გადაადგილებაც განახორციელა თამარ ბაჩალიაშვილმა თავისი მანქანით. ჩემი მოთხოვნაც არის, რომ პირველ რიგში, ეს ყველაფერი, ყველა მარშრუტი ჩემს მიერ იყოს გადამოწმებული. გარკვეულ ჩვენებებსაც გადავხედე, ეს გარკვეულწილად ქმნის ნელ-ნელა სურათს. რაც მთავარია, ჩემი მოთხოვნები, ექსპერტიზები აბსოლუტურად დეტალურად არის შეყვანილი, რაც უნდა ჩატარდეს და საკმაოდ მოცულობითი ექსპერტიზების ჩამონათვალი არის, ყველაფერთან შემხებლობაში“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, არის ნიუანსები, რაზეც წინასწარ არ გასცემს პასუხს.
„მესმის საზოგადოების ინტერესი, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პრიორიტეტი. თუ გვინდა, რომ სამართლიანობას მივაღწიოთ, თუ გვინდა, რომ ყველანი დაცულები ვიყოთ, ამ ქვეყანაზე დაუსჯელობის სინდრომმა აღარ იარსებოს, ვერაგულობას და უკანონობას ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო, ვიცოდეთ ერთი რამ, ყველაზე დიდი ვერაგობა არის, როცა ინფორმაციები გაჟონავს და ყველა ამით თავს იზღვევს. მერწმუნეთ, ყველს გეცოდინებათ ის, რაც თქვენ ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. პირველ რიგში სამართლიანობა აღდგება და დაუსჯელი არავინ დარჩება. საზოგადოებას ეცოდინება ინფორმაცია ზუსტად ისეთი, რომ ყველას ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ საქმეს ხელი შეეშალოს. რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, საქმეს ხელს ვერ შევუშლი",- განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით, ექნება მოთხოვნა საგამოძიებო ორგანოებთან, "ხუთი დღე როგორ მიმდინარეობდა ძებნა".
"კითხვის ნიშნები არასდროს არ ამოიწურება. კითხვის ნიშნები ყოველთვის იქნება, ვიდრე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდება. ყველაფერი იქნება კარგად მაშინ, როცა ოჯახი სამართლიანობაში დარწმუნდება, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
ენ რაოდენობით ადამიანები არიან დაკითხული, ენ რაოდენობა ნიუანსები მაქვს ნანახი, ენ რაოდენობის ადამიანების ჩვენებების თაობაზე მაქვს ინფორმაციები, რომელსაც პარალელურ რეჟიმში გადავამოწმებ",- განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის განცხადებით, დანიშნულია კალიგრაფიული ექსპერტიზა ჩანაწერებთან დაკავშირებით.
"ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ დაილუქა. ჩემს მიერ არის ხელმოწერილი. ყველაფერი გადაცემულია შესაბამის ორგანოებზე. მოხდება შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება",- განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით, საქმის მასალების გაცნობას გააგრძელებს.