შარაშიძის ქუჩაზე აღებული სასმელი წყლის შვიდი სინჯიდან ერთში ბაქტერიების მატება დაფიქსირდა

24 ივლისი 2020, 13:53 1982 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ შარაშიძის ქუჩაზე აღებული წყლის შვიდი სინჯიდან, მცირედი დარღვევა მხოლოდ ერთში დაფიქსირდა. საუბარია ბაქტერიების გარკვეული სახეობების მატებაზე. ​​მანუჩარ აბაშიძის თქმით, ყველა პასუხი შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ. 

მისივე განმარტებით, სინჯები აიღეს წყლის სათაო ნაგებობებიდანაც და პასუხი დამაკმაყოფილებელია. 

''17 ივლისს, ცხელ ხაზზე, ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოდან შემოვიდა შეტყობინება, რომ შარაშიძის ქუჩაზე მოხდა  წყლისმიერი ჯგუფური ინტოქსიკაცია. სპეციალისტები მითითებულ ლოკაციაზე მივიდნენ.

ინტოქსიკაციის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს სამი არასრულწლოვანი, ხოლო დარჩენილ მოქალაქეთა ჯგუფი გადიოდა ოჯახურ მკურნალობას. მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით, ღებინებით, ტემპერატურის მატებით, ფაღარათის და ა.შ.

აღნიშნულიდან გამომდინარე სხვადასხვა ოჯახებიდან ავიღეთ 7 ნიმუში, რომელიც იმავე დღეს გაიგზავნა თბილისში სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში.

კვლევების პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღეთ. აღებული 7 სინჯიდან 6-ში შედეგი იყო დამაკმაყოფილებელი, მხოლოდ ერთ სინჯში იყო ბაქტერიების გარკვეული სახეობების მატება, ოღონდაც არა პათოგენური. აღნიშნული ბაქტერიები, რა თქმა უნდა არ უნდა, არ უნდა ყოფილიყო იმ სინჯში, მაგრამ იმავდროულად არც მაღალი რისკის ჯგუფი იყო.

ყველა ეს პასუხი სათანადო უწყებებს შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნათ. რატომ მოხდა ამ კონკრეტულ უბანზე ეს ინტოქსიკაცია, ზემდგომი უწყებები გაარკვევენ. აქ იყო სარემონტო სამუშაოები, კონკრეტულად მილი დაზიანდა, თუ რა მოხდა ამას ვერ გეტყვით. მინდა ბათუმის მოსახლეობას ვუთხრა, რომ სიტუაცია აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია''- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა​ ​​მანუჩარ აბაშიძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს პასუხი, რომელიც შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ არის აღებული, რადგან მანამდე ადგილზე სარემონტო სამუშაოები იყო. რაზეც მანუჩარ აბაშიძე პასუხობს:

"როცა შეტყობინება შემოდის, ჩვენ ვრეაგირებთ მყისიერად, ჩვენ ახლა ვერ დაგვესიზმრებოდა, რომ იქ 3 დღის წინ რა იყო. თუ რაიმე დარღვევა იყო სათანადო სამსახურებს გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის და უნდა მოხდეს მოკვლევა თუ რა მოხდა. სარემონტო სამუშაოები იყო თუ სხვა მიზეზი, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება''.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე სასმელი წყლის სინჯები მომხდარიდან 3 დღის შემდეგ აიღეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ვარაუდობს, რომ ინტოქსიკაციის შემთხვევა სავარაუდოდ წყლის დაბინძურებამ გამოიწვია, მაგრამ სინჯების აღების მომენტში პრობლემა უკვე აღმოფხვრილი იყო. ითქვა, რომ სავარაუდოდ წყლის ერთჯერადად დაბინძურება მილზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.

15 მოქალაქე ერთნაირი სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 17 ივლისს ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ისინი მოწამვლის ფაქტს სასმელს წყალს უკავშირდებდნენ. ამ დროისთვის კლინიკიდან ყველა მათგანი გაწერილია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში