ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი 14-ვე მოქალაქე, ამ დრომდე, სტაციონარში რჩება და მკურნალობის კურსს გადის. მათ შორის არიან ბავშვებიც.
ისინი კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით, გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. ყველა მათგანი შარაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს.
ექიმების განცხადებით, დღეს პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აღებულია ბაქტეოროლოგიური ანალიზი, რომლის პასუხიც ხვალ ან ორშაბათს გახდება ცნობილი.
''გუშინ შემოვიდა 14 პაციენტი ე.წ. მეჯინისწყლის დასახლებიდან. ჩივილებით - საერთო სისუტე, ტემპერატურა, ღებინება, ფაღარათი. ყველა მათგანი მოთავსდა საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა სტაბილურია. უტარდებათ კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები. ბაქტეოროლოგიური ანალიზის პასუხი ხვალ ან ორშაბათს იქნება'' - განაცხადა ინფექციონისტმა ჯემალ დუმბაძემ.
მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ სასმელი წყლით მოიწამლნენ. მიზეზად, დაზიანებულ ქსელს ასახელებენ, რადგან მათი თქმით, მილის შეკეთების შემდეგ ონკანში ბინძური წყალი მოდის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს და მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგები 5 დღეში გახდება ცნობილი.