საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის, მე-6 ტურის შეხვედრაში ბათუმის ‘’დინამო’’ ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ მიიღებს.
მატჩი, ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. პანდემიის გამო შეხვედრას გულშემატკივარი ისევ ვერ დაესწრება.
დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო, ‘’ტორპედოს’’ თორნიკე დრიგალაშვილი დააკლდება, ხოლო ‘’დინამოს’’ მცველი ლევან გეგეჭკორი მძიმე ტრავმის გამო არ ეყოლება.
შეხვედრის მთავარი არბიტრი პაპუნა მაჭარაძე იქნება.
ჩატარებული 5 თამაშის შემდეგ შავიზღვისპირელებს 7, ხოლო რიონისპირელებს 5 ქულა აქვთ. ამ გუნდებს შორის ბოლო რვა შეხვედრიდან ერთი მატჩი ‘’დინამომ’’ მოიგო და ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო ექვს მატჩში გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ.
დღეს ეროვნული ლიგის ეგიდით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. თბილისურ დაპირისპირებაში ‘’საბურთალო’’ - ‘’ლოკომოტივს’’ მიიღებს. მატჩი 18:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.