„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - BBC ქართველ ეპიდემიოლოგებზე 

06 ივლისი 2020, 13:34 3785 ნახვა

BBC საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამომცემლობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ პირველივე დღიდან მობილიზება და როგორ ჩაერთო პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის სამი მთავარი მეცნიერი, "სამი მუშკეტერი" - პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე.

"საქართველოში დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. ვინ არიან ეს მუშკეტერები? ეს ტრიო შედგებოდა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის, მთავარი ვირუსოლოგის პაატა იმნაძის და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძისგან. კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა მარინა ეზუგბაია იყო, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია,“- აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ვირუსთან გამკლავება მყისიერი რეაგირებისა და ეპიდემიოლოგთა მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო.

„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული და 3.7-მილიონიან ქვეყანაში, 15 ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა. მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი, არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აიკრძალა შეკრებები და ქალაქში გადაადგილება. ასევე, ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი“, - აღნიშნულია სტატიაში.

BBC ლუგარის ლაბორატორიის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე იყო და დაწესებულებას ბრალს სდებდნენ, თითქოს ის აშშ-ის ბიოიარაღის საიდუმლო პროგრამის ნაწილია.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია რომელიც ტოპ-15 ქვეყანას შორის დასახელდა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, საზღვრის გასხნის ნება მიეცა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში