30-წლიანი პაუზის შემდეგ "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონია. მერსისაიდული გუნდი ინგლისის ჩემპიონი მე-19-ედ, ხოლო პრემიერლიგაში გამარჯვებული პირველად გახდა.
"ლივერპულელებმა" ნანატრი ჩემპიონობა ისე იზეიმეს, რომ თავად არც უთამაშიათ. მისი კონკურენტი „მანჩესტერ სიტი“ ლონდონის „ჩელსისთან“ 1:2 დამარცხდა და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ყველაფერი გაოფიციალურდა და კლოპის შეგირდებმა პრემიერლიგის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდეს.
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლეგენდები არ დაივიწყა და გამარჯვება მათ მიუძღვნა: „ეს შენთვისაა კენი, ეს სტივისთვისაა. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის“, - განაცხადა გერმანელმა მწვრთნელმა. „ლივერპულის“ ფანები კორონავირუსმა სახლებში ვერ შეაკავა და გულშემატკივრებმა ქალაქის ქუჩები გააწითლეს. 13 თვის განმავლობაში კლუბმა მთელი მსოფლიო დაიპყრო მოიგო : ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ბოლოს ნანატრი პრემიერლიგის ტიტულიც დაისაკუთრა.