მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა. მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები - ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად.
''შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს'' - აღნიშნულია განცხადებაში.