ვასამბეგ ბოკოვის დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში - სუსი

16 ივნისი 2020, 10:43 1310 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ვასამბეგ ბოკოვის დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 

უწყების ცნობით, ჩატარდა ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებები. 

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი.

გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზეც საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს მთავარ საჯარო ინტერესს, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება'' - წერია განცხადებაში. 

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის განცხადებით, ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში