ხელვაჩაურის მერიას 18 პროექტის შეწყვეტასა და ამ თანხებით ავტომობილების შეძენაში ადანაშაულებს ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი. მიშა ბოლქვაძის განცხადებით ბიუჯეტში 6 მილიონი ლარის სეკვესტრი მოხდა , რის პარალელურადაც 3 პიკაპის ტიპის მანქანა ჩამოიყვანეს, რომლისთვისაც 200 ათასამდე ლარი დაიხარჯა. ბოლქვაძის მტკიცებით ახალ ავტომობილებს მერი, მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე იყენებენ. ვიცემერის განმარტებით კი 3 ავტომობილი ჯამში 174 ათასი ლარის ღირებულების 2019 წლის ბიუჯეტით, დეკემბერში შეიძინეს და ახლა ჩამოიყვანეს.
კახაბერ ფუტკარაძის განცხადებით მერის ორმა მოადგილემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თავისი ავტომობილები აიპი სამსახურებს სოფლებში სამუშაოდ გადასცეს, ახალ ავტომობილებს კი თავად იყენებენ. პროექტების შეწყვეტის მიზეზად პანდემიას ასახელებენ.