23 წელი სოხუმის დაცემიდან. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, რომელიც სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.