ბავშვებს ნუ ჩაეხუტებით, სახლშიც დაიცავით დისტანცია

10 აპრილი 2020, 17:28 2715 ნახვა

მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება დაიწყო სპეციალისტები აქტიურად საუბრობენ სოციალური დისტანცირების აუცილებლობაზე. სხვა რჩევებსა და რეკომენდაციებს შორის, ერთ-ერთი პირველი სწორედ ადამიანებს შორის ორმეტრიანი დისტანცირებაა, მათ შორის ოჯახშიც, რაც შედარებით რთულადმიღწევადია. 

პედიატრები მშობლებს ურჩევენ შვილებს და ზოგადად ბავშვებს ნუ ჩაეხუტებიან. 

მშობლები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სახლიდან გადიან,  მაგალითად ჟურნალისტები, ასევე ბანკის თანამშრომლები, თუ სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც დისტანციურად მუშაობას ვერ ახერხებენ. დღის განმავლობაში კი ათობით ადამიანთან აქვთ შეხება, რისკის შემცველები არიან. 

პედიატრი ვანო ჩხეიძე ამბობს, რომ ბავშვებში კორონავირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და გართულებები ნაკლებია.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 12 ბავშვია ინფიცირებული, მათ შორის ოთხი, 4 წლამდეა.

''დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სულ 12 შემთხვევაა ბავშვებში დადასტურებული, აქედან 4 შემთხვევა არის 4 წლამდე, ხოლო დანარჩენი 5-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. თუ ქვეყანაში ინფიცირებული პირების საერთო მაჩვენებელს შევადარებთ ზუსტად ისეთივე პროცენტული შეფარდებაა, რაც სხვა ქვეყნებშია. მაქსიმუმი ესაა 5 პროცენტი, რაც შეიძლება ბავშვებში დაფიქსირდეს.ეს მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ კორონავირუსი ბავშვებში არის გაცილებით იშვიათი მოზრდილებთან შედარებით. ასევე პატარებში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად, ან საშუალო სიმძიმით. ქვეყანაში კრიტიკული მიმდინარეობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

რაც შეეხება პრევენციას და თავიდან აცილების შესაძლებლობას, რჩევები იდენტურია რაც მოზრდილებში: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება, ნაკლები კონტაქტი, სახლში ყოფნა და სოციალური აქტივობის შემცირება. 

სოციალური დისტანცირება ეხება ბავშვებსაც, ორი მეტრი რაც ითვლება უსაფრთხოდ, ოჯახშიც უნდა იყოს დაცული. ეს სახლის პირობებში რა თქმა უნდა რთულია. ბავშვებთან ახლოს მისვლა, ჩახუტება და კონტაქტი რისკის შემცველია. 

პოტენციურად შესაძლებელია არსებობდნენ ადამიანები, რომელსაც კორონავირუსი აქვთ, მაგრამ კლინიკური გამოვლინება არის ნული. ასეთ პირებს თავი ჯანმრთელი ჰგონიათ, ეს რეკომენდაცია ამიტომ ეხება ყველას ერთნაირად. ბავშვებთან და შვილებთან ახლო კონტაქტი უნდა შევზღუდოთ'' - განაცხადა ვანო ჩხეიძემ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი