COVID 19 - ის გამო, დაძაბული მდგომარეობა შენარჩუნებულია ევროპის კონტინენტზე. ევროკომისიამ შენგენის ზონის ყველა ქვეყანას შეზღუდვების მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელებისკენ მოუწოდა. ესპანეთში, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობთ მეორე ადგილზეა, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა ვარაუდობენ. ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდა და ჯანდაცვის მინისტრი ინფექციის გავრცელების პიკის გადასვლის შესახებ იუწყება.
ახლა მადრიდი ევროკავშირს ევროზონაში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს. ადეკვატური და კოორდინირებული მოქმედებებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს იტალიაც და კორონავირუსის გამო ორგანიზაციის დაშლის საფრთხეზე მიანიშნებს. პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ევროგაერთიანებას ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდებს. ესპანეთის მსგავსად, იტალიაშიც შენელდა კორონავირუსით დაავადების მაჩვენებელი.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა წინა დღესთან შედარებით ერთი პროცენტით გაიზარდა. ორი კვირის წინ კი 7 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდებოდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მცირდება.
ორი კვირის წინ ლეტალურ შემთხვევათა დღიური ნიშნული 919 იყო, გასულ დღე-ღამეში კი მხოლოდ 542 შეადგინა. იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 17 500 გადააჭარბა. თუმცა ინფექციისგან 2 099 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
უახლოეს 2 წელში პანდემიის შედეგად ზარალმა შესაძლოა 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს, ვარაუდობს სააგენტო ბლუმბერგი. პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი შესაძლოა სიღატაკეში აღმოჩნდეს, ვინაიდან მსოფლიოს 1930 წლის შემდეგ მშვიდობიან დროში ყველაზე ძლიერი რეცესია ელოდება, - აცხადებენ ეკონომისტები.