აჭარაში უკონტროლო შიდაგადაცემა არ დაფიქსირებულა - ნინო ნიჟარაძე

06 აპრილი 2020, 11:43 3262 ნახვა

დღეს, 6 აპრილს, აჭარის რეგიონში დაგვემატა სამი დადასტურებული შემთხვევა, ერთის პასუხს კი ველოდებით. სულ ბათუმში გვყავს 12კოვიდ ინფიცირებული, რომლებიც ბათუმის კლინიკა "მედალფაში" იმყოფებიან - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, სამივე ახალგამოვლენილი ინფიცირებული პაციენტი 45 წლამდეა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საშუალო და მსუბუქი ხასიათისაა.  

"სამივე შემთხვევა იმპორტირებული, ორი პირი იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში, ერთი პაციენტი კი ლონდონის რეისით ჩამოფრინდა ბათუმის აეროპორტში და ის გადავიყვანეთ ცხელების კლინიკაში პირდაპირ. ვიკვლევთ ყველა მგზავრის კონტაქტს, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა ფრენის დროს, საჭიროების შემთხვევაში ყველას ჩაუტარდება ანალიზები" - განაცხადა ნიჟარაძემ. 

აჭარაში დღესვე ელოდებიან 7 საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტის ანალიზის პასუხებს, ასევე დღესვე იქნება პასუხი სამი ინფიცირებული პირის კვლევისა, რომლებმაც შესაძლოა დატოვონ კლინიკა. ანალიზებით უნდა დადასტურდეს, რომ მათ კორონავირუსი აღარ აქვთ. 

ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ თითქმის ყველა პაციენტის ინფიცირება, რომელიც აჭარაშია, საკარანტინო სივრცეს უკავშირდება. გამონაკლისი იყო მედდა, რომელის ინფიცირებას ამერიკიდან ჩამოსული პირთან კონტაქტს ვუკავშირებთ, რომელიც იწვა კლინიკაში.

შიდა უკონტროლო გადაცემა ჯერ არ ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ველოდებით ასეთი ფაქტის დაფიქსირებას.  თუ უკონტროლო გადაცემის ფაქტი დაგვიფიქსირდება, ეს უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა კარგია რომ ნელ-ნელა ხდება პაციენტების შემოდინება. 

აჭარაში 6 აპრილის მონაცემებით საკარანტინო სივრცეში 2200 მდე ადამიანი იმყოფება. 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში