10 წლის ბავშვი ბათუმიდან თბილისში გადაჰყავთ. მას Covid 19 დაუდასტურდა - ინფორმაციას მარინა ეზუგბაია ადასტურებს.
„მეორე დადასტურებული პაციენტი გადმოყავთ ახლა ბათუმიდან. ეს არის 10 წლის ბავშვი. მისი ისტორია ჩემთვის არ არის ცნობილი. მშობელს უარყოფითი აქვს, მარტო ბავშვს აქვს დადებითი“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 წლის ბავშვი, სიცხით საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს. მას Covid 19 დაუდასტურდა. ის ბებიასთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში. იმის გამო, რომ მშობლები არიან თბილისში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული თბილისში მომხდარიყო არასრულწლოვანის ტრანსპორტირება.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის ორი ახალი შემთხევაა გამოვლენილი. ერთ-ერთ პაციენტს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოში კორონავირუსის 117 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301 ადამიანია.