ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მეორედ ასარჩევად სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცნობილია, რომ მის კანდიდატურას ემხრობიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, შოთაძის გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო. არჩილ თალაკვაძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის მიერ გახსნილ საქმეებთან დაკავშირებით, აღნიშნა რომ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო.
მამუკა მდინარაძე შოთაძის მიერ გახსნილ იმ საქმეებზე საუბრობს, რომელსაც კითხვის ნიშნები არ მოჰყოლია. ასახელებს სააკაშვილი-გირგვლიანის საქმეს, გელაშვილის საქმეს და ირწმუნება, რომ ის ღირსეულად გადადგა, მაშინ, როდესაც მის მიმართ კითხვის ნიშანი დაისვა.
მანამდე შოთაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრას იურიდიული კომიტეტის წევრთა ნაწილი არ ესწრებოდა. შოთაძეს ხმა 8 წევრმა მისცა.
გუშინ კომიტეტის სხდომაზე კანდიდატს დაახლოებით 6 საათს უსმენდნენ.
საპროკურორო საბჭომ პარლამენტს გენპროკურორობის კანდიდატად ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს წარუდგინა. შოთაძეს მხარი საბჭოს 13 წევრიდან 11-მა დაუჭირა. ერთმა ხმა სოფიო შენგელიას მისცა, კენჭისყრას არ ესწრებოდა “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე.