ქუთაისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელ ინვესტორთა ჯგუფის საკუთრებაში გადავა.
იტალიელ ინვესტორებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდნენ.
მოლაპარაკება საღამოს დასრულდა და საინტერესო დეტალებიც გაცხადდა.
‘’იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია! ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემა გადაჭრილია.
1 მარტიდან გუნდი უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. კლუბის გადაცემის პროცესში დარჩენილია ტექნიკური საკითხები", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
იტალიელმა ინვესტორმა დააფიქსირა, რომ მისი მთავარი მიზანი გუნდის გაძლერება და ეროვნულ ლიგასა თუ ევროსარბიელზე ღირსეული გამოსვლა იქნება. ამავე დროს, განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებითაა დაინტერესებული.
იტალიელ ინვესტორებს სურთ "რამაზ შენგელია არენისა" და საღორიას საფეხბურთო ბაზის საკუთრებაში აღებაც , რაც სტადიონისა და ბაზის მთლიანი ხარჯების დაფარვას.
‘’საქართველოში იმიტომ ვიმყოფებით, რომ ქუთაისის "ტორპედო" შევიძინოთ. ამ საკითხს ქალაქის მერიისა და რეგიონის ხელმძღვანელებთან განვიხილავდით. ველოდებით, რომ მოლაპარაკება მაქსიმალურად მალე დასრულდება და გუნდი ჩვენს საკუთრებაში გადმოვა. ამავე დროს, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სპონსორებთან და იმედი გვაქვს, ეს საკითხიც დადებითად გადაწყდება. უპირველესად, გვსურს, რომ ინვესტიცია საფეხბურთო კლუბსა და მის ინფრასტრუქტურაში ჩავდოთ. ქუთაისის "ტორპედო" უნდა გახდეს ძლიერი, ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი, რომლის მიზანიც ევროტურნირებზე ღირსეული გამოსვლა იქნება" - განაცხადა საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველ არხთან ფაბრიციო მანინიმ.
ქუთაისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე იტალიელმა ინვესტორთა ჯგუფმა თანხმობა განაცხადა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ სიტყვიერი შეთანხმებაა. "ტორპედოში" ახალი მფლობელის მისვლა იურიდიულად მას შემდეგ გაფორმდება, რაც მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის დასრულდება.