ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს უზრუნველყოს სანდო საარჩევნო სისტემა

31 იანვარი 2020, 13:43 1101 ნახვა

2020 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რეზოლუციაში. ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის თაობაზე, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახად. ევროსაბჭო იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმება იქნება მიღწეული.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავდაპირველ პროექტში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმებასთან ერთად, პროპორციულ სისტემაზე იყო მითითება, მაგრამ ასამბლეის მიერ მიღებულ საბოლოო დოკუმენტში პროპორციული სისტემა არ მოხვდა.

დოკუმენტს მძიმე საერთაშორისო დარტყმად აფასებს „ქართული ოცნებისთვის“,  „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.  დოკუმენტში საუბარია ასევე  რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც. რეზოლუციაში  10 ქვეყნის: საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მონიტორინგის შედეგებია შეჯამებული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში