"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად 2019 წლის ივნისის აქციებზე და მომხდარ ძალადობაზე საუბრისას, გამოკითხული მოსახლეობის 45 პროცენტი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
მოსახლეობის უმრავლესობას (59 პროცენტს) სმენია, რომ “ქართული ოცნება” 20 ივნისის აქციის მონაწილეების მოთხოვნას - 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულიყო - დასთანხმდა, თუმცა დაპირება ვერ შეასრულა და პარლამენტში ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
ვისაც ეს სმენია, მათი 70 პროცენტი ამ ფაქტს ნეგატიურად აფასებს - წერია "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის'' მიერ გავრცელებულ განმარტებაში.
“ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის აღდგენაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ. მათივე პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყონ მომავალი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაცია, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო ეჭვქვეშ დგას'' - აცხადებენ NDI-ში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.