მაუწყებლის ორი მრჩეველი ამბობს, რომ ამ ფორმით რეორგანიზაციას მხარს არ დაუჭერს

13 იანვარი 2020, 16:43 2086 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი, გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი ამბობენ, რომ ახალ სტრუქტურას ამ ფორმით მხარს არ დაუჭერენ. 

დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით წარდგენილი  მრჩეველი, თამარ წილოსანი ფიქრობს, რომ ტელევიზიაში რეორგანიზაცია საჭიროა, თუმცა წარმოდგენილი პროექტი არ მოსწონს. 

''ამ ფორმით რაც არის წარმოდგენილი ბუნებრივია, ამას მე მხარს არ დავუჭერ,  მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ ტელევიზიიის განვითარებისთვის და ეფექტური მართვისთვის, ბუნებრივია საჭიროა რეორგანიზაცია და ამაზე ყველა თანხმდება. მათ შორის ის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ განხილვებში.... ეს ფორმა არის ჩემთვის მიუღებელი. სტრუქტურული ცვლილება და ამ დებულებაში ცვლილება არ უნდა გადიოდეს თანამშრომლების უფლებების და ინტერესების ხარჯზე. როგორღაც უნდა მოახერხოს ყველა მხარემ, რომ ტელევიზიის განვითარების, ერთგულების მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. 

ამ ფორმით, ამ დებულებას მე მხარს არ დავუჭერ. საკითხზე მუშაობენ, წერილობითაც შედის, აუდიტთანაც მექნება დამატებით შეხვედრა, მონიტორინგის განვითარების, შემოქმედებით ჯგუფს უკვე ვესაუბრეთ ახალი ამბების გუნდსაც შევხვდით. ფილტრის პროცესია ფაქტიურად, ვნახოთ რა გამოვა... საჯაროობას ყოველთვის აქვს შედეგი'' - უთხრა მაუწყებლის ჟურნალისტს მრჩეველთა საბჭოს წევრმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე: ხომ არ არის მოლოდინი, რომ დირექტორი საკადრო ცვლილებებს ინდივიდუალურად განახორციელებს. თამარ წილოსანი ასე პასუხობს: ''სიმართლე გითხრათ დირექტორს ამის ბერკეტი ნამდვილად აქვს. უბრალოდ ეს რომ სტრუქტურულად ხდება და მისი მხრიდან იყო შემოთავაზებული, მე ბუნებრივია ვალდებულება მაქვს ეს პროცესი გავიარო ისე, როგორც კანონი მთხოვს და როგორც საზოგადოებრივი ინტერესია.''

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა სტრუქტურის შეცვლისა და კონკურსების გამოცხადება 26 დეკემბერს მოითხოვა. გიორგი კოხრეიძემ ცვლილებების პროექტი მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა. 

ცვლილებების მიხედვით დირექტორს 2-ის ნაცვლად 5 მოადგილე ეყოლება - ეს პირები კი სამსახურების უფროსები იქნებიან, ოღონდ მათ მრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში, კონკურსების გავლა მოუწევთ. 

პროექტის დამტკიცებას 4 მრჩევლის ხმა სჭირდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი