ბათუმის ისტორიული შენობების განადგურებით შეწუხებული ადგილობრივები ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად გამოსავალს ეძებენ. გიორგი მასალკინმა ამ მიზნით სოციალურ ქსელში სტატუსი და იმ სახლების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებსაც აღება ემუქრებათ. მან ადგილობრივებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
"ბათუმში ყველაზე ძველი ნაგებობები 100-130 წლისაა. ჯერ კიდევ შემორჩენილია ბათუმის არქიტექტორული ქსოვილი, რომელიც ქალაქის ვიზუალურ იდენტობას და თავისებურებას ქმნის, მათ შორის, ერთ და ორსართულიანი სახლები. მათგან ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ნაწილს არა. ასეთი სახლები გვხდება როგორც „ძველ ბათუმში“, ასევე „ჭაობში“, „გოროდოკში“ და სხვაგან. უმრავლესობა ამორტიზირებულია.
იქ მცხოვრებ ადამიანებს ინვესტორის გამოჩენა უხარია, იმიტომ რომ მათ უნდათ ნორმალურ პირობებში ცხოვრება - და ეს მათი სურვილი ყოვლად ლეგიტიმურია.
სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს არ აქვს სახსრები რომ ყველა ამგვარ შენობას მოუაროს. საზოგადოება ღარიბია, რომ შექმნას ამ შენობების გადარჩენის საზოგადოებრივი ფონდი.
რამდენიმე ასეთ შენობას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით რეაბილიტაცია-რესტავრაცია ჩაუტარდა და უტარდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
სად და რაში ხედავთ გამოსავალს? სხვანაირად ხომ არ უნდა მუშაობდეს ხელისუფლება ინვესტორთან (მშენებელთან)? ისიც მესმის, რომ ამას მხოლოდ პასუხისმგებელი და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეძლებს ...ვიფიქროთ ერთად (მეორე პუნქტის გათვალისწინებით)"- წერს გიორგი მასალკინი სოციალურ ქსელში.