აჭარის მაუწყებლის ყოფილი მრჩევლობის მსურველთა შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

09 იანვარი 2020, 16:41 1730 ნახვა

ციალა ქათამიძე, არჩილ ხახუტაიშვილი, ბეჟან გობაძე და ჯემალ მეგრელიძე - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეხუთე მრჩევლობისთვის იბრძოდნენ. ისინი კონკურსის მეორე ეტაპზე ვერ გადავიდნენ და 6 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

ითხოვდნენ, რომ 8 იანვარს, "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მე-5 წევრობაზე წარდგენილი გია ქარცივაძის კენჭისყრის პროცესი შეჩერებულიყო, რადგან მიაჩნდათ, რომ დროებითი შესარჩევი კომისიის წევრები კანდიდატების შერჩევისას კომპეტენციას გასცდნენ.

მიიჩნევენ, რომ კომისიის წევრებმა, რომლებიც მედიაექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორისგან იყო დაკომპლექტებული,  კანდიდატების შერჩევისას დეპუტატებს შემზღუდავი ბარიერები დაუწესა, ეს კი განცხადებების დონეზე ღიად დააფიქსირეს.

ფიქრობენ, რომ კომისიას შემდგომ ეტაპზე ყველა ის კანდიდატი უნდა გადაეყვანა, ვინც დებულების მიხედვით კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. კომისიის წევრები ამბობენ, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედეს. 

ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე, რომელმაც დღეს შუამდგომლობაზე იმსჯელა და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი