24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ განმარტება წერილობით გააკეთა. გამოძიების ვერსიით, 2 ივლისს, საბურთალოს სასაფლაოსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელსა და მოკლულ კაცს შორის კონფლიქტი ავტომობილის შესყიდვის საკითხს მოჰყვა.
უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული, თუმცა არაფერი წერია კონფლიქტში მონაწილე მეორე პირის შესახებ. პროკურატურა ასევე ამბობს, რომ 24 წლის მოკლულს მანქანის ქურდობის ფაქტზე შელაპარაკება მოუვიდა მეორე პირთან, რომლებიც შსს მოქმედმა თანამშრომელმა გააშველა. გაშველების დროს კი ისეთი დაზიანებები მიაყენა, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.
"თბილისში ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე ზ.ფ. მხრიდან გარდაცვლილის მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 3 იანვარს დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ.
ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს შორის, ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.
ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ. ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“,- აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ინფორმაციით, 5 იანვარს, ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა. 6 იანვარს კი საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
"დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს პროკურატურაში გრძელდება მტკიცებულებათა მოპოვება და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117 – ე მუხლის მეორე ნაწილით, 117- ე მუხლის მე-6 ნაწილით, 126 – ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 143- ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.