საშობაო ტრადიციები საქართველოში

06 იანვარი 2020, 14:50 17325 ნახვა

შობის დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. ერთი გამორჩეული ტრადიციაა, შობის დადგომას მორწმუნე მართლმადიდებლები სარკმელში ანთებული სანთლით ეგებებიან, რაც სიმბოლურად უფლისათვის კარის გასაღებას ნიშნავს. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა. 

საქართველოში შობის დღესასწაულს საშობაო ალილოთი ეგებებიან. ტრადიციის მიხედვით მამაკაცებისგან შემდგარ, მგალობელთა გუნდი ჩამოივლიდა უბნებს, სახლებს და ერთმანეთს საშობაო სიმღერით ულოცავდნენ შობის დღესასწაულს. ისინი აგროვებდნენ შემოწირულობებს, რომელსაც შემდეგ გაჭირვებულებს და ქვრივ- ობლებს ურიგებდნენ. საშობაო სუფრას კი, სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ.

გურიაში მთავარი საშობაო სამზადისი ღვეზელის გამოცხობით იწყება. ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა უნდა ჰქონდეს. ცომს აკეთებენ ხორბლის ფქვილისგან. მასში ყველი და შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი იდება. ღვეზელი იმდენი ცხვება, რამდენი წევრიც არის ოჯახში. ასევე, მზადება ''მუცლის სალოცავი", რომელიც ზუსტად იგივე ინგრედიენტებისგან შედგება რითაც ღვეზელი. წესის მიხედვით ღვეზელს სამჯერ შემოატარებენ და წარმოთქვამენ შემდეგ ტექსტს: „შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს. შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს". 

იმერეთში შობის წინა საღამოს ოჯახის თითოეული წევრისთვის კლავდნენ ქათმებს. კუჭმაჭის მაგიერ ურთავდნენ ჭყინტ ყველს და მოხარშულ ბრინჯს. დილით ოჯახის წევრები ერთად საუზმობდნენ და ამ საუზმეს ხაციცი ეწოდებოდა. მეკვლეს მოსვლამდე ოჯახის უფროსი სავსე ხონჩით, სამჯერ შემოუვლიდა სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავს და ბარაქას შესთხოვდა. მეკვლეს ხონჩით ეგებებოდნენ, რომელზეც: ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგათ.

სამეგრელოში შობის წინა დღეს საშობაო ღორს კლავენ, რომელსაც "საქირსე ღორი" ეწოდება ხორცის ჭამა გახსნილებამდე - მარხვის დამთავრებამდე იკრძალება. ამზადებენ კუპატებს ღორის ხორცისგან. მრგვალად მოხარშული დედალი ნიორთავას საწებლით. ნიორთავა წარმოადგენს მარილთან ერთად დანაყილ ნიგოზსა და ნიორს, რომელსაც წყლით ან ქათმის ბულიონით აზავებენ. 

აფხაზეთში  ამ დღეს „განახლებას", ანუ „სამყაროს შექმნას" უწოდენ. შობის ღამეს ოჯახის უფროსი, ნაკვერჩხალზე მოყრილი საკმევლითა და სანთლით ჩამოივლიდა და დალოცადა სახლ-კარს. 

აჭარულ საშობაო-საახალწლო სუფრაზე აუცილებელია ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ოთხივე კუთხეში მარცვლეულს მიმოგფანტავენ. მარცვლეული, ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.

რაჭაში საშობაოდ ცხვება ნიგვზიანი და სხვა შიგთავსიანი ნამცხვრები, ბაჭულები – ხაჭოიანი ხაჭაპურები. ლობიანი ლორის ხაჭაპურები და კაც-ბასილას ფორმის გამოცხობა, ჯერაც შემორჩენილი ტრადიციაა. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოქნიდნენ 4 სანთელს. სამს ჩაარჭობდნენ თითო-თითოდ ნიგვზიან განატეხში, მეოთხეს კი დიასახლისი ან ოჯახის უფროსი ხელში დაიჭერდა. ანთებული სანთლით და ნიგვზიანი განატეხით ელოდებიან მეკვლეს მოსვლას. 

სვანეთში ლობიან პურებს აცხობდნენ და კანაფის თესლისგან მუჯორს ამზადებდნენ. საშობაოდ ორი სუფრა იშლებოდა ერთი ცოცხლებისთვის და მეორე მიცვალებულებისთვის. ორივე სუფრაზე კორკოტი, ერთი სანთელი და ლობიანი პურები ეწყო. ერთი სუფრა ლამარიასთვის - ღვთისმშობლისთვის იშლებოდა და მასთან მხოლოდ ქალები სხდებოდნენ. ოჯახის უფროსი ილოცებდა. ლოცვის დასრულების შემდეგ კაცები და ბავშვები ერთ სუფრას, მეორეზე გადადგამდნენ და ივახშმებდნენ. ამ დღეს იხსენიებდნენ ლამარიას და "ქრისდეშს" (ქრისტეს). სვანეთში შობა ძირითადად საოჯახო დღესასწაული იყო.

ქართლში საშობაოდ კვერებს აცხობდნენ და ოჯახის წევრებს ურიგებდნენ ტრადიციით ხონჩაზე დადებული იყო მოხარშული ღორი, რომელსაც შემოუწყობდნენ ბედის კვერებს და სანამ ოჯახი სუფრასთან დასხდებოდნენ, მანამდე ოჯახის უფროსი ეზოს შემოატარებდა ხონჩას.

კახეთში შობის დღეს ნეკრესის სალოცავში მიდიოდნენ და ღორებს კლავდნენ. ამ სამსხვერპლო ღორს "ლომტახს" ეძახიან. ლეგენდის მიხედვით ლეკები მორიგი დარბევის შემდეგ ნადავლით შინ ბრუნდებოდნენ და გზად ნეკრესისკენ გამოუვლიათ. ქართველებს მათთვის მამალი ღორები მიუსევიათ და ლეკები ხელცარიელი გაუშვიათ. 

მესხეთ-ჯავახეთში თუთისგან და დათლილი ნიგვზისგან მზადდება გოზინაყი. სადესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი.

თიანეთში საშობაო სუფრისთვის აუცილებლად აცხობენ ქადებს. მოხევეები ქადისთვის ზელენ საფუარიან ტკბილ ცომს, რომელსაც კვერცხსა და ერბოს უმატებენ. ქადის გული მზადდება ერბოში მოხალული ფქვილისგან. ტკბილ ქადას გულში შაქარსაც უმატებენ. ხევსურეთში დღესასწაულთან დაკავშირებით იხდება არაყი, იხარშება ლუდი. ცხვება საახალწლო კვერები, რომლებზეც სხვადასხვა საგანი და ცოცხალი არსებაა გამოსახული.

უახლოეს წლებში თბილისელმა მანდილოსნებმა დაიწყეს საშობაო ლიქიორის მომზადება, რომლის მზადებასაც მაისიდან იწყებენ და შობისთვის ამთავრებენ. იგი მოიცავს სხვადასხვა ხილის არომატს და ამჟამად საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული.

 

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში