საოკუპაციო ხაზთან არსებული გადასასვლელები ისევ ჩაკეტილია, მოსახლეობა კი სრულ იზოლაციაში. საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილები, ჰუმანიტარულ კრიზისზე, სამედიცინო დახმარების არარსებობაზე საუბრობენ. ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული მხარე საოკუპაციო ძალების მსგავს პროვოკაციებს ჩვეული სიმშვიდითა და კონსტრუქციულობით უპასუხებს.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმი ხშირად მიმართავს ამ მეთოდს. საქართველოს ხელისუფლება კი განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას, გამოიყენებენ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, რათა გადაადგილების თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედებებით ზარალდება ორივე მხარეს მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა.
სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ პერევში, დე ფაქტო რეჟიმი გადასასვლელს 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, საახალწლოდ, უსაფრთხოების ნორმების მიზეზით ჩაკეტავს. რამდენიმე თვეა, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ახალგორის მოსახლეობასაც პრობლემები ექმნება.