ეპიდემიის საშიშროება არ დგას, H1N1 ვირუსით გარდაცვალების ორი ფაქტი უკვე დადასტურებულია

27 დეკემბერი 2019, 12:00 1820 ნახვა

ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე. პაატა იმნაძის ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, გრიპის ვირუსით ავადობა 100 000 მოსახლეზე არის 190 შემთხვევა. ეიჩ ერთი ენ ერთი ვირუსით გარდაცვალების ორი ფაქტი უკვე დადასტურებულია. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგვიანებულ მკურნალობას. ძირითადად გრიპის ვირუსით ავადობის შემთხვევები ბავშვებში ფიქსირდება და სწორედ მცირეწლოვნების ჰოსპიტალიზება ხდება.

რაც შეეხება ვაქცინაციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ დროისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა 93-მა ათასმა ადამიანმა გაიკეთა, რომლებიც ე.წ რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ამ დროისთვის მარაგში 7 ათასი ვაქცინაა დარჩენილი. როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, სააფთიაქო ქსელებში განსაკუთრებული მოთხოვნის გამო, ამ დროისთვის თითქმის ამოწურულია.

მედიკოსები მშობლებს მოუწოდებენ, თუ ბავშვს 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ერთი დღე მაინც აქვს, აუცილებლად მიმართონ ექიმს, იგივე ეხება ორსულებსაც. გრიპით ინფიცირებულ ადამიანს კი სამედიცინო პერსონალი იზოლირებულ გარემოში ყოფნას, ოთახების ხშირ განიავებასა და ბევრი სითხის მიღებას ურჩევენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი