"ჩემებს არ გადავახდევინებ და ვინც მაკრიტიკებს იმათ ინკასოს დავადებ, წარმოუდგენელი უსამართლობაა" - ინგა გრიგოლია ტელევიზიის ინკასოზე

27 დეკემბერი 2019, 11:47 1192 ნახვა

"არანაირი პირობა არ გვაქვს, ჩვენი ვართ კეთილსინდისიერი გადამხდელები, გადავიხდით ამასაც რა თქმა უნდა. მხოლოდ ორი კვირით გადატანაზე იყო საუბარი, ჩვენ არ ვაპირებთ ბიუჯეტს მოვუწყოთ ობსტრუქცია. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება ჩვენ გვაბრალებს ბიუჯეტის არ შევსებას, გადაახდევინეთ თქვენს ტელევიზიებს ბევრი მილიონი და შეავსეთ ბიუჯეტი. ტვ პირველი არ აპირებს ​გაჯიქდეს, 5 წელია არც ერთი ცდომილება არ გვქონია, გადავიხდით უბრალოდ თანაბარ პირობებში. ის, რომ ჩემებს არ გადავახდევინებ და ვინც მაკრიტიკებს იმათ ინკასოს დავადებ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი უსამართლობაა" - განაცხადა ტვ პირველის გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ რომელიც ფინანსთა სამინისტროში მივიდა. 

ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროში ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან იწყება შეხვედრა, რომლებსაც ინკასო დაადეს. შეხვედრაზე არ იმყოფება რუსთავი2 წარმომადგენელი. 

ორი დღის წინ, ტელეკომპანიების - "ტვ პირველის", "კავკასიასა" და "რუსთავი2"-ის ანგარიშებს ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო. მანამდე გააფრთხილა ტელეკომპანიები დავალიანების შესახებ და მის დასაფარად ერთი დღე მოსთხოვა. სამივე კომპანიამ, კონკრეტული დროით გადავადება, რაზეც უარი მიიღეს.

ტელეკომპანიის წარმომადგენელი ამბობენ, რომ მათ სახელმწიფო უსამართლოდ ექცევა, რადგან წლების განმავლობაში რუსთავი2 და ტელეკომპანია "იმედს", მილიონობით ლარი აქვს დაგროვებული საბიუჯეტო დავალიანება,რომლის გამო ინკასო სახელწიფოს არ დაუდია. რამდენჯერმე ამ კომპანიებს ჩამოაწერეს დავალიანებაც. დარჩენილ დავალიანებების დასაფარად კი დრო მისცეს და გადახდის გრაფიკი შეუდგინეს.

მედია ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ სახელმწიფო ასეთი ხისტი მხოლოდ ამ კომპანიების მიმართ მისი სარედაქციო პოლიტიკის გამოა.  

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში