ნაძვის ხისა და წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე პირი 200 დან 2000 ლარამდე დაჯარიმდება. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი ზიანის დროს, სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, საქმე იგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში. ინფორმაციას გარემოსდაცვითი დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, უკანონო მოპოვების დროს მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებულად იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, 24 საათიან რეჟიმში განახორციელებს.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153.