დღეს მსოფლიო ფეხბურთი ,,ელ კლასიკოს’’ მოლოდინშია, ესპანეთის ჩემპიონატში მეათე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართება.
,,ბარსელონა’’ საკუთარ მოედანზე მადრიდის ,,რეალს’’ მიიღებს, ლიონელ მესიმ მატჩის წინ მედიასთან განაცხადა, რომ კატალონიელებისთვის ,,კლასიკო ‘’ მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" უფრო იოლი გამოდის ხოლმე, ვიდრე "კამპ ნოუზე".
არგენტინელმა თავდამსხმელმა ერთმანეთს მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი და ყოფილი თავდამსხმელები, კრიშტიანო რონალდო და ედენ აზარი შეადარა: ‘’აზარი მაღალი დონის ფეხბურთელია, ედენი იმ ტიპის მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომლებსაც მეტოქის დაცვაში დისბალანსის შეტანა შეუძლიათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის განსხვავდება რონალდოსგან. მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. კრიშტიანოს შეცვლა ძალიან ძნელია, მაგრამ აზარიც ბრწყინვალე ფეხბურთელია" - თქვა მესიმ.
მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა ,,ბარსელონას’’ ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმაც:“ამ მატჩს მთელი მსოფლიო ელის. როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის ის მნიშვნელოვანია. ტელევიზორში ,,ელ კლასიკოს’’ ყურება საოცარი იყო, ახლა კი მასში მონაწილეობის მიღება შემიძლია. ძალიან ბედნიერი ვარ და ამ მოვლენას მოუთმენლად ველი. ეს შესანიშნავი დღე იქნება, იმედია, რაც შეიძლება უკეთ ვითამაშებ და ჩინებული მატჩი მექნება“ - უთხრა ჟურნალისტებს ფეხბურთელმა.
,,ბარსელონასა’’ და ,,რეალს’’ ,,ლა ლიგაში’’ ჩატარებული 16-16 მატჩის შემდეგ 35-35 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. კატალონიელთა და მადრიდელთა დაპირისპირება დღეს 23:00 საათზე დაიწყება.