შოკისმომგვრელი იყო იმის გაგება, რომ მთავრობამ უარი თქვა დაპირებულ რეფორმაზე - აშშ კონგრესმენები

17 დეკემბერი 2019, 11:42 1581 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრს, კონგრესმენებმა წერილი გამოუგზავნეს და გადადებული საარჩევნო რეფორმის გამო, გააკრიტიკეს.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ბატონო გახარია,

როგორც კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, შეშფოთებულები ვართ თქვენი გადაწყვეტილების გამო, ჩაგეშალათ დაპირებული პოლიტიკური რეფორმა და ასევე გვაშფოთებს ძალის გამოყენების შემთხვევები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველომ შექმნა მყარი დემოკრატიული საფუძველი და არაერთხელ გამოხატა ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, რაშიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებიც იგულისხმება. სწორედ ამიტომ ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო იმის გაგება, რომ მთავრობამ უარი თქვა დაპირებულ რეფორმაზე, რომელსაც ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადაეყვანა. საქართველო ამ რეფორმებზე წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. ეს დაპირება დადებული იყო არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, არამედ, რაც უმთავრესია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი გვაქვს, რომ მთავრობის წევრები განაგრძობენ მოლაპარაკებებს და ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმების პაკეტს გაატარებენ.

ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია ხალხის მიერ და მუშაობს ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც დასავლეთისკენ მიიწევს და რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. სწორედ ამიტომ გამოვიდა უამრავი ადამიანი ქუჩაში საკუთარი აზრის მშვიდობიანად გამოსახატად, მათ კი მოძალადე ბოროტმოქმედები დაუპირისპირეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავრობას აქვს უფლება, არამშვიდობიანი შეკრების წინააღმდეგ პროპორციული და კანონიერი ძალა გამოიყენოს, დემოკრატიულმა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს ადამიანების უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი აზრი. ცნობები იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ ნებადართული ძალადობის შედეგად ასობით ადამიანი (მათ შორის ჟურნალისტები, მშვიდობიანი დემონსტრანტები და ოპოზიციური ლიდერები) იმდენად დაშავდა, რომ მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო - შემაძრწუნებელია.

საქართველო უკვე თითქმის 30 წელია, რაც აშშ-ის სტრატეგიული და საიმედო პარტნიორია. ცოტა ხნის წინ სენატმა საქართველოსადმი დამოკიდებულება დადგენილება 598-ის მიღებით დააფიქსირა. ეს არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც ხაზს უსვამს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ეწინააღმდეგება რუსულ აგრესიას რეგიონში. ახლა საქართველოს მთავრობის ჯერია, აღასრულოს დანაპირები ქართველი ხალხის წინაშე. მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშავოთ იმისთვის, რომ წლებთან ერთად საქართველოს დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდეს

პატივისცემით,

კონგრესის წევრები: ადამ კინზინგერი და ჯერალდ ე. კონოლი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი