შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის შედეგად, ირლანდიასა და ესპანეთში დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი.
უწყების ცნობით, 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ისინი ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანეს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დუბლინიდან ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად აგზავნიდნენ ამანათებს (პირადობის დამადასტურებელ ყალბ საბუთებს), რომლებსაც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილების მიზნით იყენებდა.