"სოფლელოს დამოკიდებულებით, ცინიკურად მიმართეს... საკმარისზე მეტი მოითმინა" - შუახევის მერი მოადგილეზე, რომელიც აქტივისტს თმაში სწვდა  

05 დეკემბერი 2019, 15:47 2747 ნახვა

შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე მისი მოადგილის, რუსუდან შავაძის ძალადობის ფაქტზე განმარტებას აკეთებს. გუშინ, შუახევის მუნიციპალიტეტის შენობასთან, მერის მოადგილე აქტივისტს თმაში სწვდა. ინციდენტი აქციის დროს მოხდა, როცა ორგანიზაცია "ალტერნატივას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შენობაში შესვლას ცდილობდნენ. 

მერი ფაქტში საგანგაშოს ვერ ხედავს. ამბობს, რომ საკმარისზე მეტად გამოიჩინა მოადგილემ პასუხისმგებლობა და მის გათვისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

"ისინი ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ბუნებრივია, ამან ბევრი მომუშავე ადამიანის პროტესტი გამოიწვია, არ მისცეს საშუალება ამ ადამიანებს მოეწყოთ პროვოკაციები და შეეღწიათ შენობაში. როგორც იცით გამოძიება დაწყებულია და დაველოდებით გამოძიების პასუხს" - ამბობს შუახევის მერი. 

კითხვაზე, ნახა თუ არა ძალადობის ფაქტი? ფრიდონ ფუტკარაძე ამბობს, რომ მის მოადგილეს დასცინოდნენ. "როგორც კადრებში ჩანს, მას ძალიან ცინიკურად მიმართეს, ქილიკურად, რაღაც სოფლელოს დამოკიდებულებით და საკმარისზე მეტი მოითმინა. გადაცდომის ფაქტს მე ვერ ვხედავ" - განაცხადა შუახევის მერმა მის მოადგილეზე, "რა თქმა უნდა მისი გადაყენების საკითხი არ დგას" - გვითხრა მერმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა თმენის ვალდებულება საჯარო მოხელეს? -  მერი პასუხობს, რომ "უფრო მეტი ითმინეს საჯარო მოხელეებმა, ვიდრე უნდა ეთმინათ. მას მიაყენეს შეურაცხყოფა და ღირსება ყველასთვის მთავარია". 

შუახევის მომხდარი ფაქტი საჯარო მოხელისთვის შეუფერებლად შეაფასა მესამე სექტორმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი საქმე ძალადობის მუხლით აღძრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი