''სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა'' - განაცხადა ბრიფინგზე ''ქართული ოცნების'' გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. გენერალურმა მდივანმა პოლიციას ამისთვის მადლობა გადაუხადა.
კალაძე ამბობს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდა.
''ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია. მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, როგორც თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.