ფიჭვნარში ხეების მოჭრა ამ დრომდე გრძელდება, რასაც ქობულეთის მოსახლეობა აპროტესტებს. გუშინ ,,ალიანს გრუპის“ წარმომადგენლებმა , ტერიტორიის მშენებლობისთვის მომზადების მიზნით 20-მდე ხე მოჭრეს. ადგილობრივები ნებართვის გამცემ ორგანოებს მწვანე საფარის განადგურებასა და შესაძლო ფინანსურ დაინტერესებაში ადანაშაულებენ. ქობულეთის მერი ირწმუნება, რომ კომპანია ,,ალიანს გრუპი“ ხეებს კანონიერად ჭრის. ცნობისთვის, ეს ის ტერიტორიაა, რომელის გასხვისებაც სახელმწიფო აუდიტის გასული წლის ანგარიშშიც მოხვდა.
აუდიტორები წერენ, რომ ტერიტორიის პრივატიზებას შპს „ რანჩოც“ითხოვდა , თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ ის არ დააკმაყოფილა. იმავე წლის 13 თებერვლის შპს ალიანსის თხოვნით, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით კი ნაკვეთის ღირებულება დაახლოებით 367 ათას 260 ლარით შემცირდა . აუდიტის მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობები ალიანსს გრუპს მოერგო და უკონკურენტოდ გახდა გამარჯვებულიც. გარემოს დაცვის ზედამხედველობით დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროცესი კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სანქცირებას არ ითვალისწინებს. კომპანიის იურისტის თქმით, ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონაც მოეწყობა, რომლითაც ადგილობრივებიც ისარგებლებენ.