ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

12 ნოემბერი 2019, 17:02 1327 ნახვა

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში. საელჩო ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს: +972526919092.

„სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:

შენობაში - უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას - შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;

სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვავში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვეგ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, - ნათქვამია განცხადებაში.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. განგაშის სიგნალი ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელ-ავივში ამოქმედდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი