მუხრან ვახტანგაძე, რომელსაც მოქალაქე მუქარაში ადანაშაულებს პოლიციას ჯერ არ გამოუკითხავს 

28 ოქტომბერი 2019, 23:02 3229 ნახვა

''ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე, რომელსაც მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, პოლიციას ჯერ არ გამოუკითხავს. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ვახტანგაძის გამოკითხვა იგეგმება და მას საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ. ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. 

გამოძიება 151-ე, მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ვადით 120- დან  180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. 

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი მერაბ ღოღობერიძე. 

25 ოქტომბერს,  ღოღობერიძემ თქვა, რომ პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მუხრან ვახტანგაძემ მას აგინა. ვიდეო ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ისმის, რომ ღოღობერიძე თავად ურეკავს მამაკაცს, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება. სატელეფონო საუბრის დროს ღოღობერიძე მამაკაცს სახელით მიმართავს, ტელეფონში კი ჩაწერილი ჰყავს, როგორც მუხრან ვახტანგაძე. 

პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ, ბრალდებას პროვოკაცია უწოდა. საზოგადოებას კი, მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა. პოსტი დეპუტატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვახტანგაძე  აღნიშნავს, რომ მერაბ ღოღობერიძემ  სატელეფონო საუბრის პირველი ნაწილი არ გამოაქვეყნა, რომლითაც ადამიანები ''მდგომარეობიდან გამოსვლის'' მიზეზს დაინახავდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი