ძველ ბათუმში მიმდინარე მშენებლობების, უკანონოდ აგებული კორპუსებისა თუ ნებართვის გარეშე ისტორიული სახლების დემონტაჟის გამო, ისტორიული ძეგლების დამცველები კორუფციის ნიშნებსა და ეჭვებზე საუბრობენ.
დღეს, აჭარის მთავრობის სახლთან კი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მთავრობა პირდაპირ კორუფციაში დაადანაშაულა.
ამ ეჭვებსა და ბრალდებებზე, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადრესატებს ჰკითხა. კითხვაზე, რამდენად ხედავს ბათუმში სამშენებლო მიმართულებით კორუფციის საფრთხეებს, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ზოგადად ამაზე საუბარი გაუჭირდება:
"თქვენ იცით, რითაც ჩვენ ვამაყობთ ისაა, რომ ჩვენი მმართველობის დროს, განსაკუთრებით სისტემური კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტები არ არის აჭარაში და რა თქმა უნდა ამ ხაზს აგრძელებს ყველა უწყება," - გვითხრა მთავრობის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და კორუფციაში დადანაშაულებას, რომელიც ოპოზიციური პარტიის წევრმა, რევაზ ხარაზზე გაახმოვანა, თორნიკე რიჟვაძემ მას არ უპასუხა, ამბობს რომ საინტერესო ფიგურა არ არის.
"ვინ თქვა? ... რეზო ხარაზი, მე მგონი ჩვენთვისაც, თქვენთვისაც და საზოგადოებისთვის უინტერესო ადამიანია და არ ვაპირებ მასზე დრო დავხარჯო," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ოპონენტზე.
მთავრობის თავმჯდომარის ამ განცხადებას გამოეხმაურა რეზო ხარაზიც. ამბობს, რომ ამ ფორმით თორნიკე რიჟვაძემ კითხვებს თავი აარიდა.
ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ კი სამშენებლო ბიზნესსა და მერიის შესაძლო კორუფციულ გარიგებების ეჭვებზე თქვა, რომ "ენას ძვალი არ აქვს" და ისინი, ვისაც მსგავსი ეჭვები აქვთ, შესაბამისი უწყებებისკენ გადაამისამართა.
"ბევრ ადამიანს შეუძლია რაღაცეები თქვას, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, პირადი სიმპატიებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ კი ვინმეს აქვს რაღაც ეჭვი კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, შეუძლია შესაბამის ორგანოებს მიმართოს. მერიის სამსახურები ღიაა ამ კუთხით თანამშრომლობისთვის" - თქვა ქალაქის მერმა.