თურქეთმა სირიაში საჰაერო და სახმელეთო შეტევა 10 ოქტომბერს, დილით დაიწყო. საერთაშორისო მედიაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა, როგორც ამერიკაში, ასევე თურქეთში. რეჯებ ტაიპ ერდოღანი ევროპას ახალი მიგრაციული ტალღით ემუქრება, ხოლო აშშ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თურქეთის მმართველს შესაძლო ეკონომიკური სანქციებით.
აისახება თუ არა საქართველოზე თურქეთ-სირიას შორის დაწყებული სამხედრო კონფლიქტი და შესაძლო ეკონომიკური სანქციები, რომლსაც ამერიკელი სენატორები ითხოვენ თურქეთის მიერ წამოწყებული ომის გამო.
აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის ფიქრობს, რომ ეს პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოზე, მატ შორის დიდი დოზით ეკონომიკაზე.
"დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის ეკონომიკაზე სანქციები შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს, ისევე, როგორც შარშან, როდესაც თურქეთის წინააღმდეგ შემოიღო აშშ სანქციები. მართალია, ძირითადად სიმბოლური იყო სანქციები ამერიკელი პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ ამან თურქეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიყენა. დააზარალა თურქული ლირა, რომელსაც შემდეგში ბუნებრივად აჰყვა ქართული ლარი, რადგან საქართველოს ეკონომიკა დიდწილად მიბმულია თურქეთის ეკონომიკაზე, თურქეთში მუშაობს ათიათასობით საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც ხელფასს თურქულ ლირებში იღებენ. შესაბამისად, როდესაც ლირა უფასურდება. უფრო და უფრო ნაკლები დოლარის ან სხვა უცხოური ვალუტის შეძენას და საქართველოში გამოგზავნას ახერხებენ იქ დასაქმებულები" - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის "მთავარში" ზურაბ ბატიაშვილმა.
მისი განცხადებით, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ცვლილებები პირდაპირ და სწრაფად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.
აღმოსავლეთმცოდნე, ასევე უსაფრთხოების საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას. ფიქრობს, რომ ექსრემალური ჯგუფების გააქტიურებაც არის შესაძლებელი ჩვენს ტერიტორიაზე.
"არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული და გასათვალისწინებელია ჩვენთვის - ეს არის იმ რადიკალური ჯგუფების შესაძლო ამოძრავება, რომელიც ვიხილეთ საქართველოში, ჩატაევისა და მისი რაზმის სახით. როდესაც იქ გარკვეული რადიკალური ჯგუფები ამოძრავდნენ, მათ თურქეთის გავლით შეძლეს საქართველოში შემოღწევა, ეს საფრთხე მუდმივად არსებობს. სამწუხაროდ, სირია არც თუ ისე შორს არის საქართველოდან და ფიზიკურად, თუ დავხედავთ რუკას, დავინახავთ რომ ბულგარეთთან შედარებით სირია უფრო ახლოსაა ჩვენთან, შესაბამისად, იქ მიმდინარე პროცესები, მუდმივად აისახება საქართველოზე, თუნდაც ის ფაქტი, რომ სირიაში საბრძოლველად საქართველოდანაც არიან წასულები, დამაფიქრებელია" - განაცხადა მერაბ ბატიაშვილმა.