„თიბისი ბანკის“ და „ტვ პირველის“ დამფუძნებლები სასამართლოში პირველ სხდომას დაესწრნენ. განაცხადეს, რომ 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე აღძრული საქმე თავიდან ბოლომდე ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. მათ მმართველი პარტიის ლიდერს ავტოკრატიული მმართველი უწოდეს.
კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ფულის არანაირ გათეთრებას ადგილი არ ჰქონია, ახლა კი ბრალდების მხარე ამ ბრალდების დამტკიცებას იმ მტკიცებულებების ამორიცხვით ცდილობს, რომელიც დღეს დაცვის მხარემ წარადგინა.
როგორც გაირკვა ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა საქმეს უცხოეთში მყოფი მოწმეების ჩვენებები დაურთო, პროკურატურა კი ამის ამოღებას ითხოვს.
ადვოკატი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ეს იქნება პრეცედენტი არამარტო ამ საქმისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რადგან შემდგომში დაცვის მხარეს არასდროს მიეცემა საშუალება საზღვარგარეთ მტკიცებულებები მოიპოვოს. პროკურორი კი ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული.