შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს ამ დრომდე ეძებს, რომლებსაც რუსთავში 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობასა და თანამონაწილეობაში ედებათ ბრალი.
გამოძიების ვერსიით, 35 წლის კაცის მკვლელობა, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ა დაგეგმა. მას მოკლულთან დაპირისპირება ჰქონდა და სწორედ ეს დაპირისპირება და შურისძიება გახდა მკვლელობის მოტივი.
მკვლელობის გეგმის განხორციელებაში, მკვლელობაში ბრალდებულს 5 ადამიანი დაეხმარა. მათ შორის ორი მოქმედი სამართალდამცველი, ხოლო ერთი ყოფილი პოლიციელი. მკვლელობაში კიდევ ორი პირი იყო ჩართული. ერთის გარდა, გამომძიებლებმა ყველა დააკავეს. მკვლელობის საქმეზე 6 პირიდან 5 წინასწარ პატიმრობაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მოკლული მამაკაცი თბილისიდან მოტყუებით გაიყვანეს.
1 ოქტომბერს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ავტომობილში მოტყუებით ჩაისვა დ.მ (მოკლული კაცი). გადაადგილებისას, ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული სამი პირი (ორ მოქმედი და ერთი ყოფილ პოლიციელები). პოლიციის სამოსში ჩაცმულმა პირებმა, ავტომობილიდან გადმოიყვანეს დაზარალებული, უკანონოდ დააკავეს და ჩაიყვანეს რუსთავში.
რუსთავში მათ ელოდებოდათ ორი პირი, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ა და კიდევ ერთი პირი, რომლიც, თავის მხრივ, განზრახ მკვლელობისთვის იყო წარსულში ნასამართლევი. მათ 35 კაცი ჩაიყვანეს მტკვრის პირას, ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები და კვალის დაფარვის მიზნით გადააგდეს მდინარეში.
35 წლის გარდაცვლილი დ.მ.-ს ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები.